ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 130-ზე მეტი პროფესორი განცხადებას ავრცელებს. როგორც ერთობლივ წერილშია აღნიშნული, მედიაში "დაუსაბუთებელი ბრალდებების სერიაა" გავრცელებული.
"მიუხედავად უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებისა, გაცემული საჯარო ინფორმაციისა, გასაჯაროებული დოკუმენტებისა, სამ ტელევიზიაში - იმედი, პოსტ ტივი და რუსთავი 2 - თემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნა.
ამ კამპანიის გამოხატულებას წარმოადგენდა დღეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში გასული სიუჟეტი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე თავდასხმისათვის გამოყენებულ იქნა 2010 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია, რომელიც უკავშირდებოდა ავტოავარიას, უბედურ შემთხვევას და რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს რექტორის ამჟამინდელ სტატუსთან.
ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ვაცხადებთ, რომ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც უნდა აგრძელებდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების სრული დაცვით, რათა ხელი შეუწყოს ევროპული ღირებულებების დანერგვას სტუდენტებში, მომავალ თაობებში, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
***
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტის დაზიანების მცდელობაზე ისაუბრა. ნინო დობორჯგინიძე გამოეხმაურა რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტს, სადაც მას ნასამართლევს უწოდებენ და უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.
ნასამართლეობის შესახებ ბრალდებას ნინო დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2010 წელს ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მისი დისშვილი დაიღუპა.
ილიაუნის რექტორის თქმით, უნივერსიტეტზე ფინანსური საფუძვლით თავდასხმის მიზეზი არ არსებობდა და ახლა გამოიკვეთა, რომ რეალური მიზანი "მისი ფსიქოლოგიური განადგურება და ამით უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანებაა".